განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, მთავარეპისკოპოს იოანეს სიტყვა

17 მაისი 2010 წ.

საპატრიარქოსთან არსებული სკოლები წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემის ავტონომიურ ნაწილს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ რა ზოგადი განათლების კანონით, არ ვიზღუდებით მისი ფარგლებით. განათლების სისტემაში მომდინარე პროცესები გავლენას ახდენენ ჩვენს სკოლებზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ავირჩიოთ ის, რაც ჩვენი თვათახედვით მეტად შეესაბამება ეროვნული განათლების გეგმებს და ემსახურება შესაბამისი მიზნების განხორციელებას. ამიტომ მე მოკლედ მოვიხილავ განვლილი ბოლო წლების მოვლენებს განათლების სისტემაში. მიმდინარე განათლების რეფორმის მთავარი დევიზი არის: „სწავლა ცოდნისათვის“ ანუ ისე წარიმართოს სასწავლო პროცესი, რომ მოსწავლემ მოკლე დროში მეტი და მრავალმხრივი ცოდნა შეიძინოს; ამასთან ერთად ისწავლოს დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიება, წიგნზე მუშაობა, ანალიზი.
ზოგადი განათლების კანონში ეს მოთხოვნები აისახა განათლების ეროვნულ გეგმასა და მიზანში. რეფორმა მიზნად ისახავს განათლების სისტემის გლობალიზაციას, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე აღზრდას.
ზოგადი განათლების კანონის მიღებამდე 2004-05 სასწავლო წლის დასაწყისში რეფორმის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ქართულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის საათების შემცირება. დაიწყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისათვის არსებული სპეციალიზებული სკოლების დახურვა და სასწავლო პროცესში მიცემული ცოდნის დონის ორიენტაცია სავალდებულო მინიმუმზე. ვაუჩერის სისტემის შემოღებით დაიწყო სკოლების ოპტიმიზაცია. ამის შედეგად ქ.თბილისში და რაიონებში დაიხურა რიგი სკოლები. ამან გამოიწვია დანარჩენ სკოლებში კლასების გამსხვილება. მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა კლასში ამძიმებს სასწავლო პროცესს. რეფორმამ გააფართოვა მოსწავლის უფლებები და ხშირ შემთხვევაში მასწავლებელი იძულებული გახდა შეემცირებინა მოსწავლისადმი მოთხოვნები. შეილახა მასწავლებლის ავტორიტეტი. სკოლაში. წესრიგი შენარჩუნებისათვის აუცილებელი გახდა მანდატურთა (ანუ პოლიციელების) ზედამხედველობის შემოღება. სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებამ აკადემიური მოსწრება და გაკვეთილზე დასწრება ზედა კლასებში სიმბოლური გახადა.
სკოლაში შექმნილი ვითარების გამო განათლების სამინისტრო დღეს ცვლის პოზიციას, მინისტრის თქმით, გადადის რეფორმის ახალ ეტაპზე. ჩვენ მივესალმებით დღევანდელი მინისტრის განცხადებებს, რომელიც მან გააკეთა კერძო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას და მის რამდენიმე გადაწყვეტილებას.
მინისტრი თავის ინტერვიუში ამბობს, რომ ზოგადი განათლების მთავარი პრობლემა დღეს არის შემდეგი: ‚მოსწავლეს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ სკოლაში იაროს და ისწავლოს, მასწავლებელს კი – სურვილი და შესაძლებლობა, რომ ასწავლოს.“ ამ მიზნის მისაღწევად მინისტრი აპირებს, რომ 2011 წლიდან დააწესოს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 8 ან 10 საგანში, რომელიც იქნება ორიენტირებულისასკოლო პროგრამაზე. გამოცდები ჩაბარდება ეროვნულ საგამოცდო ცენტრში. დაწესდება მინიმალური ზღვარი, რომელიც თითოეულ საგანში უნდა გადაილახოს. უმაღლესი სასწავლებლები ფაკულტეტების მიხედვით გამოაქვეყნებენ იმ საგანთა ნუსხას, რომლების მათთვის იქნება მნიშვნელოვანი და რომელში მიღწეულ შედეგსაც მოსწავლის ჩარიცხვისას ყურადღება მიექცევა.
დაწესდა სახელმძღვანელოების ხუთწლიანი გრიფირება, მასწავლებელმა უნდა აირჩიოს გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან ერთ-ერთი. თუ მასწავლებელი გამოიყენებს არაგრიფირებულ სახელმძღვანელოს, მან ამის მიზანი უნდა ახსნას. საპატრიარქოს სკოლები ისარგებლებენ ამ დაშვებით და გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენებენ საპატრიარქოს წიაღში შექმნილ არაგრიფირებულ სახელმძღვანელოებს, რომლებსაც რეკომენდაციას გაუწევს საპატრიარქოს განათლების ცენტრი.
მინისტრი აპირებს სკოლების შეფასების სისტემის შექმნას რაიონული და ქალაქის მასშტაბით, რათა თითოეულ სკოლას მუდმივად ჰქონდეს სიახლისკენ სწრაფვა, განვითარების სურვილი. სკოლის შეფასება დაკავშირებული იქნება, პირველ რიგში, იმ ავტონომიურ პროგრამებთან, რომლებსაც სკოლა საკუთარი ინიციატივით განახორციელებს.
საპატრიარქოს წიაღში სკოლების გახსნა დაიწყო 1991-92 წლებში. დღეისთვის არსებობს 30-მეტი სკოლა. ჩვენი სკოლები თავიდანვე ორიენტირებული იყო ცოდნაზე. ამიტომაც კლასში საშუალოდ არის 15-20 მოსწავლე. ცოდნასთან ერთად სკოლაში პრიორიტეტული არის  ზნეობრივი აღზრდა. დაბადებიდან ადამიანი ცოდნას იძენს აღზრდის პროცესში. უმცროს-უფროსის და თანატოლების გარჩევა; ნათესავური ურთიერთობის და იერარქიის გაცნობიერება ბავშვის სოციალიზაციის პირველი საფეხურებია. ზნეობრივ-სარწმუნოებრივი ცნობიერების თვალსაზრისით თანამედროვე საზოგადოება მრავალფეროვანია. საპატრიარქოს სკოლები აღზრდის პროცესში ორიენტირებულია ოჯახის, ეკლესიის და სკოლის ერთობაზე. ეკლესია ქრისტიანთა ერთობაა, რომელშიც ადამიანი ახორციელებს თავის ისტორიულ, კულტურულ, ზნეობრივ, სულიერ, სარწმუნოებრივ იდენტობას. ეს განაპირობებს მის სოციალურ ორიენტაციას და სოციალურ აქტივობას. 15-18 წლის მოღვაწეობის მანძილზე საპატრიარქოს სკოლებში დაგროვდა გარკვეული გამოცდილება. ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ეს გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს და ავირჩიოთ უკეთესი. ტრადიციული გახდა შეკრებები გორში და ზუგდიდში. ზოგიერთ სკოლაში ტარდება ადგილობრივი კონფერენციები და საგნობრივი ოლიმპიადები. საპატრიარქოს განათლების ცენტრში შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი. მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე შესაძლებელი გახდა 7 სკოლაში გაკვეთილებზე დასწრება და მიმდინარე სასწავლო პროცესის ანალიზი და შეფასება. მოკლედ მიმოვიხილავ მონიტორინგის შედეგებს. უპირველეს ყოვლისა პედაგოგი, რა საგანსაც არ უნდა ასწავლიდეს. სწავლა-აღზრდის პროცესში უნდა ეხმარებოდეს აღსაზრდელებს ქრისტიანულ ხედვა-შეფასებაში, ჩამოყალიბებაში. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თანამედროვე საზოგადოების ცნობიერება დანაწევრებულია მრავალი უცხო და ახალი სწავლებებით. ამიტომ საპატრიარქოსთან არსებული სკოლების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის აუხსნას აღსაზრდელებს ქრისტოლოგიური ხედვა სამყაროსი, საზოგადოებისა და საკუთარი თავისა. ქრისტოლოგიური ხედვა არის გაღვიძებული სინდისის გულისხმისყოფა, რომელიც ასწავლის ადამიანს გარემოს კრიტიკულ და ობიექტურ შეფასებას ღვთის სიტყვის, სამყაროს შემომქმედი სიტყვის, შუქზე. ამისათვის პედაგოგი უნდა იყოს ქრისტიანულად განათლებული. წმიდა წერილში, წმიდა მამათა სწავლა-მოძღვრებაში, პირადი მოძღვრის რჩევა-დარიგებებში უნდა პოულობდეს პედაგოგი პასუხს იმ კითხვებზე, რომელიც უჩნდებათ მოსწავლეებს საგნის სასწავლო ინფორმაციის მოწოდების პროცესში. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლასი საღვთო სჯულის პროგრამის სწავლებას. საღვთო სჯულის პროგრამა გარკვეულ კავშირში უნდა იყოს ენის, ქართული იქნება ეს თუ უცხო ენა, ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის და სხვა საგნების სასწავლო პროგრამებთან და პირიქით, ჩამოთვლილი საგნების სწავლება კავშირში უნდა იყოს საღვთო სჯულის სწავლებასთან. სასურველია და სასარგებლო იქნება მოძღვრის (არა სასწავლო, არამედ დიალოგის, სასაუბრო) საათის შემოღება, რომლის დროსაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება დაუსვან მოძღვარს ის კითხვები, რომლებიც მათ აწუხებთ.
მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით სკოლებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ზოგადად დამაკმაყოფილებელია. უფრო კონკრეტულად მონიტორინგის ჯგუფის წევრები მოგვახსენებენ.
ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ტარდება შესაბამისი ტრეინინგები. რამდენიმე სკოლის პედაგოგმა უკვე გაიარა პირველი ეტაპი. მოკლე ხანში კიდევ რამდენიმე სკოლა მიიღებს მონაწილეობას ტრეინინგებში. პედაგოგებისათვის გადამზადება უფასოა. ხარჯებს გაიღებს განათლების ცენტრი.
იმ სკოლების წარმომადგენლებს, სადაც უკვე ჩატარდა მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადები, ვთხოვ ორგანიზება გაუკეთონ და მიიღონ მონაწილეობა რეგიონული და საქართველოს მასშტაბით ამგვარ ღონისძიებებში. სასურველია მონაწილეობა მივიღოთ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. ეს გაზრდის სწავლის დონის ამაღლების მოტივაციას.
საზაფხულო ბანაკების მოწყობა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლის თვალსაჩინო საშუალება. მომავალში გაიმართება პედაგოგთა კონფერენცია სხვა საგნებში.
დაგლოცავთ ყველას!

საღვთო სჯულის სწავლება სკოლაში.

საპატრიარქოს განათლების ცენტრის კოორდინატორ ნოე გუგუციძის მოხსენების თეზისები...ვრცლად

კონფერენციის ამსახველი ვიდეომასალა

17-18 მაისი 2010 წ.

ვრცლად

 


ინფორმაცია

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სასწავლებლები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სასწავლებლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლები

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებს განათლების ცენტრი კურირებს ...

ვრცლად

პედაგოგთა კონფერენციების მასალები

17
მაისი

პედაგოგთა I კონფერენცია საპატრიარქოში (17-18 მაისი 2010)

პედაგოგთა I კონფერენციის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

07
ივნისი

პედაგოგთა II კონფერენცია საპატრიარქოში (7 ივნისი 2010 წ.)

პედაგოგთა II კონფერენციის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

17
იანვ.

პედაგოგთა III კონფერენცია საპატრიარქოში (17 იანვარი 2011 წ.)

პედაგოგთა III კონფერენციის შესახებ ინფორმაცია, მოხსენებების ტექსტები, ფოტო- და ვიდეო-მასალა.

ჩვენი მისამართია

ქ. თბილისი. საქართველოს საპატრიარქო,
ერეკლე II-ს მოედანი #1., ოთახი #306.
ტელ./ფაქსი - 8-32-298-89-78;
magtipix - 8-790-309-991.